ორი მილიარდი წლის წინანდელ ქანში ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს

ღრმად მიწაში, ზედაპირზე მიმდინარე ქაოსისგან მოშორებით, სრულ წყვდიადში, მიკრობთა ერთი საზოგადოება თავისთვის, უშფოთველად, სრულ იზოლაციაში ყვავის.
ეს ორგანიზმები იმითაა განსაკუთრებით გამორჩეული, რომ გარესამყაროს მილიარდობით წლის განმავლობაში იყვნენ მოწყვეტილი, გაცილებით დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიწისქვეშა საზოგადოება, რაც კი აქამდე გვინახავს. ორი მილიარდი წლის ქანში ცოცხალ მიკრობთა პოვნა წინა რეკორდს 100 მილიონი წლით უსწრებს.
„ამრიგად, ეს აღმოჩენა ძლიერ ამაღელვებელია“, — ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის გეომიკრობიოლოგი იოჰეი სუძუკი.
ამბავი მართლაც მნიშვნელოვანია — ასეთ იზოლირებულ მიწისქვეშა ჯიბეებში მიკრობები უფრო ნელა ვითარდებიან, რადგან განცალკევებული არიან იმ სხვა მრავალი სტრესისგან, რომელიც ევოლუციას წარმართავს უფრო „დასახლებულ“ ჰაბიტატებში.
ეს იმას ნიშნავს, რომ მიკრობთა საზოგადოებას შეუძლია ისეთი რამეები გვითხრას, რაც შეიძლება არ გვცოდნოდა დედამიწაზე მიკრობთა ევოლუციის შესახებ. ეს ფაქტი ასევე მიუთითებს იმასაც, რომ მიწისქვეშა მიკრობული საზოგადოებები შეიძლება დღემდე ცოცხლობდეს მარსზე, ამდენი ხნის განმავლობაში გადარჩენოდა ზედაპირზე წყლის გაქრობას.
„არ ვიცოდით, თუ ორი მილიარდი წლის ასაკის ქანები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო. მაგრამ ამ სახის მიკრონთა დნმ-სა და გენომების შესწავლით, შეგვიძლია გავიგოთ დედამიწაზე ძლიერ ადრეული სიცოცხლის ევოლუცია“, — განმარტავს სუძუკი.
ქანის ნიმუში სამხრეთ აფრიკაში, 15 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს გეოლოგიური ფორმაციიდან, რომელსაც ბუშველდის კომპლექსს უწოდებენ. ეს ფორმაცია უზარმაზარია, 66 000 კვადრატული კილომეტრი და შეჭრილია დედამიწის ქერქში, რომელიც დაახლოებით ორი მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა ზედაპირის ქვეშ მაგმის გაციების შედეგად.
სუძუკი და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ქანის ფორმაცია და ევოლუცია დროთა განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო მიკრობებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში საბინადროდ. ამიტომ, ისინი ჩაეწერნენ საერთაშორისო კონტინენტური სამეცნიერო ბურღვის პროგრამაში (International Continental Scientific Drilling Program), რათა ბუშველდის კომპლექსიდან 30 სმ სიგრძის ნაბურღი ნიმუში (კერნი) აეღოთ და მასში მიკრობული სიცოცხლის ნიშნები მოეძებნათ.
ვრცლად „პირველ არხზე“

ასევე დაგაინტერესებთ