„ორი კორპუსის აშენებისთვის ჩამოჭრეს ფერდი, რასაც ჩვენი შენობა ეყრდნობა“ – თეა გოდოლაძე

კომპანიის მიერ მრავალსართულიანი, მიჯრით მდგომი ორი კორპუსის აშენებისთვის ჩამოჭრეს ფერდი, რასაც სეისმური მონიტორინგის ცენტრის შენობა ეყრდნობა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს. მისი თქმით მშენებლობას კომპანია სამშენებლო კომპანია „დომუსი“ ახორციელებს, რის შედეგადაც დაიწია შენობის ფლიგელმა, ჩაიხერგა სამსახურთან მისასვლელი გზა და მათ ტერიტორიას უკანონოდ, გზად იყენებენ.
თეა გოდოლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
„არა მეგობრებო, ეს რიკოთი არ არის, ეს არის სამშენებლო კომპანია „დომუსის” ნახელავი. გრუნტის ჩაჭრის მერე „გამაგრებული” კედელი. ახლოდან ფოტო ვერ გადავიღე, გოდოლაძის შესვლა ტერიტორიაზე აკრძალულია! ამ შემაღლების თავზე სეისმური მონიტორინგის ცენტრის შენობაა, კომპანიის მიერ მრავალსართულიანი, მიჯრით მდგომი ორი კორპუსის აშენებისთვის ჩამოჭრეს ფერდი, რასაც ჩვენი შენობა ეყრდნობა. გაჩნდა დამატებით საშიში ბზარები. არსებობს სამხარაულის 2 დასკვნა. დაიწია ჩვენი შენობის ფლიგელმა. 2 წელიწადია გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ. ჩაიხერგა სამსახურთან მისასვლელი გზა. ჩვენივე ტერიტორიას ყოვლად უკანონოდ, გზად იყენებენ და მერიასთან და კომპანიასთან დავა გვაქვს. 3 ჯერ დენის კაბელი გადაგვიჭრეს. 2 წელიწადია კომპანია დაგვცინის, კომპანიის მოწილეები და თანამშრომლები გამუდმებით, ნებისმიერ მოლაპარაკებას არღვევენ. გვესაუბრებიან იქედნური და დამცინავი ტონით. დღეს, საერთოდ ყველა ზღვარს გადავიდნენ! მოვიდა პოლიცია და დროებით, საკითხის გარკვევამდე, აუკრძალეს სატვირთო მანქანებს სიარული. სამსახურში მისვლა ჯოჯოხეთად იქცა. კარგად დააკვირდით სურათს! ლისის ფერდს უყურებთ. ჰკითხეთ ერთი, სად დაასაწყობა „დომუსმა“ მოჭრილი გრუნტი? ერთხელ დააჯარიმა მერიამ, არ შველის ეს ჯარიმები, სიმბოლურია. თავისას აგრძელებენ მაინც. დღესაც პოლიციის წინ, ურცხვად მოგვატყუეს! მანქანა გაატარეთო პომპა გვიფუჭდებაო, შენობას თავზე გვამხობენ და პომპა გვიფუჭდებაო პომპაო. სასამართლო დავები გრძელდება წლობით და ეს კორპუსები სოკოებივით ამოდის! ყველგან ეს პრობლემაა, როგორ ვუშველოთ ხალხს, როდესაც სამართალს თავად ვერ ვპოულობთ!“, – წერს თეა გოდოლაძე