ორი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ICT სექტორი შექმნილი ვითარების გამო შეიძლება დადგეს – გიორგი ციკოლიას მოსაზრება

ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate-ის ვიცეპრეზიდენტის, გიორგი ციკოლიას მოსაზრებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ICT სექტორი, შესაძლოა, ორი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ერთი არის რეპუტაციული, ხოლო მეორე ეხება სექტორში კადრების გადინებას.
„ერთია რეპუტაციასთან დაკავშირებული გამოწვევა ქვეყნის და რეგიონის მიმართ. წლებია უკვე ნებისმიერი საერთაშორისო ინვესტორი ჩვენს რეგიონს სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან ეს რეგიონი მუდმივად არასტაბილურია. შესაბამისად, ჩვენ ორმაგად გვიწევს საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რეპუტაციის დაზიანებამ კი შეიძლება წლებით გადასწიოს ის გეგმები, რაც შეიძლება საერთაშორისო მოთამაშეებს რეგიონის და ქვეყნის მიმართ აქვთ.
თუ ჩვენი მომხმარებელი – მსხვილი გლობალური კომპანიები ჩათვლიან, რომ საქართველოდან საქმიანობის გაგრძელება რისკის ქვეშაა, ეს დიდი პრობლემა იქნება არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის.
მეორე გამოწვევა არის კადრები. ჩვენს ინდუსტრიაში ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებული, ხალხი, რომლებიც საკუთარ თავს მსოფლიოს ნაწილად მიიჩნევს, მათთვის საქართველო არის სამყაროს განუყოფელი ნაწილი… ეს არის ის ხალხი, ვინც განათლების კუთხით სულ პროგრესს განიცდის. ამ ადამიანების საქართველოში დარჩენა და აქ საქმიანობის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი. თუ ამ თაობამ გადაწყვიტა, რომ სხვაგან უნდა გააგრძელოს პროფესიული კარიერა, ეს დიდი დარტყმა იქნება ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
ცნობისთვის, Lineate ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც -ის გარდა, სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და პოლონეთშია წარმოდგენილი ოფისებით. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა. ამჟამად, კომპანია საქართველოში 116 ადამიანს ასაქმებს. ოთხივე ქვეყანაში კი, ჯამში 420 ადამიანს აერთიანებს.