ორი არასრულწლოვანი დაიღუპა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის მერია.
„მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ოცნების ქალაქის“ მკვიდრი, მარინე ბერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რვა წლის ბავშვებს (ასაკი დაუზუსტებელია) დღის ოთხი საათიდან ეძებდნენ ოჯახის წევრები:
„მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“.
ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს ადგილზე ჟურნალისტების ყოფნას და მოუწოდებენ, რომ დატოვონ ტერიტორია და არ დასვან კითხვები.
იმ ტერიტორიაზე, სადაც 15 თებერვალს ბავშვები დაიღუპნენ, ერთი კვირით ადრე ხელისუფლების ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.
მათ დააანონსეს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და ამის აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადეს. ეს ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა.
ტრაგედიის ადგილზე მივიდა აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ტერიტორია, სადაც ბავშვები დაიღუპნენ არ იყო სამშენებლო ტერიტორია:
“მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები სადაც უნდა განხორციელდეს, ის ადგილი მოშორებითაა. არის მცდელობა, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებისგან შეიყვანონ ხალხი შეცდომაში. ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია და მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები დასრულდეს”, – თქვა ჯაბა ფუტკარაძემ.
საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.
მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები ააგეს თვითნებურად. თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.
„ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული.
მეორე ეტაპზე 9 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო ტერიტორია, სადაც სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობდა, არ იყო შემოღობილი.
