ორი ადამიანი დააკავეს 14 მაისს პარლამენტთან აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება 14 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მოქმედებას. -ს თანახმად, მათ სხვებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის სხდომის დაწყებისას, კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები შენობის გვერდითა შესასვლელებთან და წინ, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალებიც. ვითარება გამწვავდა, კანონის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის შენობა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სპეცრაზმის კორდონის გავლით დატოვეს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი შენობის წინ აღმართული დამცავი ჯებირის გაჭრა დაიწყო. მანამდე ისინი ჯებირზე ხელებით და სხვადასხვა საგნით აბრახუნებდნენ.
რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტთან აღმართული თუნუქის ჯებირი ნაწილობრივ გაჭრა – პოლიცია არა უშუალოდ ჯებირის, არამედ რამდენიმე მეტრით დაშორებული ჭიშკრის უკანა მხარეს იდგა. სპეცრაზმელები პარლამენტის ეზოდან მას შემდეგ გამოცვივდნენ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა შენობის წინ აღმართული ლითონის წინაღობის ფილა ამოჭრა.
14 მაისის აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა – ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არის 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე – ის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს.
დაკავებულთა ნაწილს პოლიციამ სცემა. მათ შორის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში აღმოჩნდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა. მას ოპერაცია დასჭირდა.
დავით ქაცარავას დაკავების კადრებში ჩანდა, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.
დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე, რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული. უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა სავარაუდო ძალადობაში ეჭვმიტანილი რომელიმე პოლიციელი.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.