“ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ ქართულ პროდუქციაზე” – მამუკა ხაზარაძე დისტრიბუტორებს შეხვდა

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია „მეგაკოს“ თანამშრომლებს შეხვდა. ოპოზიციური გაერთიანების საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური პროგრამა იყო, რომელიც 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
მამუკა ხაზარაძემ დისტრუბუციის თანამშრომლებთან შეხვედრისას ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ, საქართველოს ბევრად ძლიერი ეკონომიკა ექნება.
საქართველოში უნდა შევამციროთ რუსული გავლენა. ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნის უზარმაზარი პერსპექტივა დააკარგინეს – ეს იყო უზარმაზარი პოტენციალი, რომლითაც საქართველო მთელ აღმოსავლეთ ევროპაში კარიბჭე ხდებოდა, – თქვა ხაზარაძემ შეხვედრაზე.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ქართული პროდუქციის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა:
თვითონ ეს სისტემა როგორც არის აწყობილი, მთლიანად შესაცვლელია. ჩვენ ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ ქართულ პროდუქციაზე. თქვენს პორტფელს გადახედეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს პორტფელში და ამ მანქანებში უმეტესად იმპორტირებული პროდუქციაა, რომლის წარმოება საქართველოში თავისუფლად შეიძლება.