სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
ბათუმში, ქოცების სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი ვინმე ფარხატ ტაშიბაევი, კომერციული და ლოგისტიკის დირექტორი ასკარ საპარბეკოვი და ოპერაციული დირექტორი ჟანიბეკ კუანტიროვი. სამივე ყაზახეთის მოქალაქეა და გინდა ყაზახეთის მოქალაქე ყოფილა დღეს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გინდა – რუსეთის, დიდი სხვაობა კი არაა. საუბარია ათიათასობით ტონა ნავთობზე. სავარაუდოდ, რკინიგზასთან შეთანხმებით, რკინიგზის მმართველობის ხელის დაფარებით, ეს მხოლოდ ერთი საცეცია თან, კიდევ ვისთან რა შეთანხმება ჰქონდათ და რამდენი რამ ხდებოდა უკანონოდ, ვინ იცის. არადა, ეს ის თანამდებობებია, რომლებიც უშუალოდ გავლენის მომხდენია დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და გამტარუნარიანობაზე, ამიტომ, იმას, რომ მხოლოდ ერთხელ ჩაიდინეს დანაშაული, არავინ დაიჯერებს და სავარაუდოდ, მრავალშრიან სქემასთან გვაქვს საქმე. ამ სამ პირს ორგანიზებულ დანაშაულში დადეს ბრალი, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, საშუალებაც აქვთ მიმალვის და კაცმა არ იცის, კიდევ რა სამხილები და მტკიცებულებები არსებობს და გირაოთი გაათავისუფლეს! ათიათასობით ტონა ნავთობი გაქრა და ამ სამი პირის გარდა, კიდევ 21 ადამიანია დაკავებული. ზედა საფეხურზე მდგომები გამოუშვა და ქვედა რგოლები ციხეში დატოვო – რა პრინციპია, გაუგებარია. პროკურატურა ამბობს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდაო – და თუ ასეა, ვის დაადეს ხელი? მეორე დღეა უკვე და არავინ დაუკავებიათ. თუ არავის დაადეს ხელი, თუ ახალი დანაშაული არ აღიარეს, საპროცესო რა ნიშნით და რა დამსახურებით შედგა? დაიჭერთ, მოიტანენ, გამოუშვებთ? – აბა, სხვა რა პრინციპია? რა უნდა ვიფიქროთ?




