ორგანიზაციის ცნობით, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ თანამშრომელთა 40% წავიდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი დავითურის ინფორმაციით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ორგანიზაცია 8 თანამშრომელმა დატოვა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოში, კანონის რეპრესიულ ეფექტებზე საუბრისას გააკეთა.
დავითური, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია, განმარტავდა რა უარყოფითი ეფექტი აქვს რუსულ კანონს როგორც ამ ორგანიზაციების ბენეფიციარებისა და რესპონდენტებისთვის, ისე იქ დასაქმებული ადამიანებისთვის.
“[რუსული კანონის ამოქმედებამ გამოიწვია] პერსონალური წნეხი ადამიანებზე, რომლებიც ორგანიზაციებში მუშაობენ. IDFI-ს, მაგალითად, მოუწია მიმდინარე რისკებიდან გამომდინარე – ბევრი საკითხიდან გამომდინარე 8 კაცის დათხოვნა სამსახურიდან. სულ 20-კაციანი ორგანიზაცია ვიყავით. მოგვიწია დათხოვნა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევაში, თანამშრომელს როცა ავუხსენით რისკები, არ იყოს მისთვის მისაღები ეს რისკები – მარტივად, შეიძლება მივიდნენ და 5000-ლარით დააჯარიმონ [ფიზიკური პირებიც]. მათ შორის მოითხოვონ მისგან, როგორც თანამშრომლისგან, სპეციფიკური ინფორმაცია ორგანიზაციაზე. მაგალითად, იყო გარკვეული პროექტის კოორდინატორი, იყო ფინანსური მენეჯერი… […] ვიღაცას დიაბეტი ჰქონდა და ობიექტზე რომ დახვდა [მადისკრედიტებელი წარწერები], ვერ დავიცავთ [სტრესისგან]. დამსაქმებლები ვართ, ხომ? ჩვენ გვევალება დასაქმებულთა უფლებების დაცვა. შრომითი უსაფრთხოება უნდა დავიცვა სამსახურის ადგილზე. როცა შემოდის სადარბაზოში დილას და ხვდება ეს რაღაცები [მადისკრედიტებელი წარწერები] … ჩვენც ვალდებულები ვართ, უნდა ავუხსნათ რისკი. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. შრომითი კანინმდებლობის სრული დაცვით და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაწილი თვითონ წავიდა, ნაწილი დავითხოვეთ. ეს არი ერთი მაგალითი მხოლოდ”, – განაცხადა დავითურიმ.
დავითური ცდილობდა აეხსნა, რომ კანონის რეპრესიული მექანიზმები და მათი უარყოფითი ეფექტი უკვე მუშაობს, რის საფუძველზეც საკონსტიტუციოსგან მოითხოვს მისი მოქმედების შეჩერებას სარჩელის განხილვის დასრულებამდე.
“კანონის მოქმედების გაჩერება ამ პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს. ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ კანონის გაჩერება აბსოლუტურად მოაგვარებს ყველა პრობლემას – სადარბაზოებში წარწერებს, მაგალითად. ამას არ ვამბობთ. შეჩერების შუამდგომლობას ამის გამო არ ვაყენებთ, რომ სადარბაზოსთან არავინ არაფერი არ მიაწეროს, ან საცხოვრებელთან არავინ არაფერი დააწეროს, ან საკუთარ მანქანაზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება არა. ამაზე ექნება თუ არა ეფექტი [კანონის შეჩერებას], გაზომვადი არ არის დღეს და მე არ შემიძლია, როგორც იურისტმა, ეს ეფექტი ავხსნა, მაგრამ რაზე ექნება ამას გავლენა: არ დაჯარიმდებიან, ან არ ექნებათ მოლოდინი, რომ დაჯარიმდებიან ორგანიზაციები; არ ექნებათ მოლოდინი, რომ დაჯარიმდებიან მათი თანამშრომლები; თანამშრომლებს არ ექნებათ შიში, რომ მაგალითად, ჩვენთან რომ დასაქმდებიან, ან სტაჟირების გასასვლელად მოვლენ, მას წითლად დაეწერება და CV-ში დამალვა მოუწევს სამომავლო პერსპექტივაში – დღეს არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მალავენ საკუთარ გამოცდილებას სამოქალაქო სექტორში. ჩვენ არ ვითხოვთ რომ ქვეყნის პოლიტიკის მიმართულება გააჩერეთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონის რეპრესიული მექანიზმები გააჩერეთ. კი, იარლიყიც არის ამ რეპრესიული მექანიზმების შემადგენელი ნაწილი. თავისთავად იარლიყის დარქმევაზე ჩვენ ამ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა შეგვეძლო კანონის მხარდაჭერის დღესვე. იმიტომ, რომ იმავე დღეს დაგვერქვა ჩვენ ეს შეურაცხმყოფელი ტერმინი. რეესტრში რეგისტრაცია არის უბრალოდ ამ სტატუსის გამრავლება, მისი საზოგადოებრივი ეფექტების გაძლიერება და ა.შ.”, – განაცხადა იურისტმა.
გარდა უშუალოდ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებზე წნეხისა, დავითურმა ისაუბრა ორგანიზაციის ბენეფიციარებზეც. მაგალითად, იმ ადამიანებზე, ვისაც უფლებადამცველი ორგანიზაციები იურიდიულ სერვისს, ან სხვა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობენ. მისი თქმით, იმ პერსპექტივის პირობებში, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია ამუშავებს მათივე დახმარების მიზნით, შესაძლოა საჯარო გახდეს, მოქალაქეებმა შესაძლოა უარი თქვან ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.
დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის განხილვა დაიწყო. მოსამართლეებმა მოისმინეს 4 მოსარჩელის წარმომადგენელთა მოხსენება. ესენი არიან: არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია და ორი მედიაორგანიზაცია – “მთის ამბები” და “მონიტორი”.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და იქნებიან. “მთის ამბებისა” და “მონიტორის” სარჩელი ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, წარადგინა.
მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე.

ასევე დაგაინტერესებთ