უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ევროკავშირმა უკრაინა რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის განახლებაში დაარწმუნოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელების დაბლოკვით იმუქრება.
„ერთი მხრივ, ჩვენ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს ვიმკით უკრაინის დახმარებისთვის. ისინი კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ. ასე ვერ იქნება”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
WEB: უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ევროკავშირმა უკრაინა რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის განახლებაში დაარწმუნოს. უნგრეთის სახელმწიფო მაუწყებელთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებამ, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი ცენტრალურ ევროპაში, უნგრეთი აიძულა ალტერნატიული მარშრუტებისთვის მიემართა, რამაც ენერგიის ფასები გაზარდა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უნგრეთს ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ 19 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. თუმცა მას არ უთქვამს, თუ როგორ გამოითვალა ეს თანხა.
ევროკავშირი მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ეს ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს ლიდერების ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს. ორბანი, რომელსაც ევროკავშირის ნებისმიერ ლიდერთან შედარებით კრემლთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ხმამაღალი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა, საბოლოოდ სანქციების დაწესებას აძლევდა ხმას.
გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ორბანმა სანქციების შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა. ახალი სანქციების დაწესების საკითხი 31 იანვრამდე უნდა გადაწყდეს.
„მაშინ, როცა სანქციები უკრაინის ინტერესშია, ისინი არეულობას ქმნიან და უნგრეთის ენერგეტიკული სექტორის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ – გაზის რუსეთიდან უნგრეთში შემოსვლას ხელს უშლიან. ერთი მხრივ, ჩვენ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს ვიმკით უკრაინის დახმარებისთვის. ისინი კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ. ასე ვერ იქნება.
ჩვენ ვთხოვეთ ევროკავშირს, უთხრას უკრაინელებს, აღადგინონ გაზის ტრანზიტი. ის, რაც ახლა დახურულია, უნდა გაიხსნას. ეს არა უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის, ცენტრალური ევროპისთვისა პრობლემა. და თუ უკრაინელებს დახმარება უნდათ, მაგალითად, რუსების დასანქცირებით, მაშინ გავხსნათ გაზის სატრანზიტო მარშრუტები და მივცეთ საშუალება ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, უნგრეთს, მიიღონ გაზი, რომელიც გვჭირდება, უკრაინის გავლით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია