ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში “გამარჯვებისთვის” ევროპიდან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მილოცვა მიიღო. მისალოცი წერილის ავტორი უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანია.
“მოხარული ვარ, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დღევანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი”. – ნათქვამია ორბანის მიერ ხუთშაბათს, 21 მარტს გაგზავნილ წერილში, რომლის ციტატებიც რუსულმა სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა.
ამასთან, ორბანმა მისალოც წერილში დაწერა, რომ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა და გამოთქვა მზადყოფნა გააფართოოს თანამშრომლობა მოსკოვთან.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართლის მიერ შეუზღუდავ სფეროებში”. – თქვა უნგრეთის პრემიერის პრესმდივანმა.
რუსეთის სამდღიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 17 მარტს დასრულდა, პუტინმა ხმების 87 პროცენტი აიღო. შედეგები თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა უარყო და არჩევნებს “აშკარად არათავისუფალი და არასამართლიანი” უწოდა.
2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგების გამოცხადების შემდეგ პუტინმა ევროკავშირის წევრი მრავალი ქვეყნიდან მიიღო მილოცვა. მათ შორის იყო ავსტრია, უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი.
წელს ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ეჭვქვეშ დააყენეს პუტინის გამარჯვების ლეგიტიმაცია. ერთადერთი გამონაკლისი იყო ორბანი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს მილოცვა ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობის პარალელურად გაუგზავნა.
ამავდროულად, პუტინმა მილოცვები მიიღო სხვა ავტოკრატი ლიდერებისგან, მათ შორის, ჩრდილო კორეელი კიმ ჩენ ინისგან, ჩინელი სინ ძინფინგისგან, ბელარუსი ლუკაშენკოსგან და ნიკარაგუელი დანიელ ორტეგასგან.