მუქარიდან ახალ პოლიტიკურ ვაჭრობამდე. ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე უნგრეთის პრემიერმინისტრი ევროპულ გაერთიანებას კვლავ შანტაჟის ენით ესაუბრება. ვიქტორ ორბანი აცხადებს რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ის მხარს არ დაუჭერს ომში მყოფ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს კი პროცესის გაურკვეველი ვადით შეჩერებას გამოიწვევს. პუტინის ერთადერთი ევროპელი მოკავშირის ვეტო ასევე ავტომატურად გავრცელდება საქართველოსა და მოლდოვაზე, თუმცა ამის მიუხედავად ოცნების ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლის შემაფერხებელ ფაქტორად არა უნგრეთის ლიდერს, არამედ ისევ ევროკავშირს განიხილავს.
ომში მყოფი უკრაინის რადას დეპუტატები ამბობენ, რომ ვიქტორ ორბანი პუტინის დავალებების შემსრულებელი და მისი მთავარი მოკავშირეა, რადგან ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღით რუსეთი უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე გავლენას საბოლოოდ დაკარგავს. ამ მიზნის შესრულებაში კი ახლა პუტინს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ეხმარება.
“ვიქტორ ორბანი არის რუსული ტროას ცხენი ევროკავშირში. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ის რუსეთის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. რუსეთის ყველაზე ცუდი სცენარი არის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რადგან ასე მოსკოვი ამ ქვეყნებზე კონტროლს დაკარგავს და ეს ქვეყნები საბოლოოდ გათავისუფლდებიან რუსეთის იმპერიისგან. ასე რომ, ბატონი ორბანი პუტინის ინტერესებში მოქმედებს და ამავე დროს აშანტაჟებს ევროკავშირს, რათა გარკვეული დაფინანსება მიიღოს. ეს გახდა მისი ჩვეული სტრატეგია. რაც შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელია.” ამბობს ოლექსი გონჩარენკო “მთავარ არხთან”.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია. ვიცი, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებს და უკრაინის საკითხებიც დადებითად გადაწყდება. ორბანის განცხადებები რეალურად, ევროპული ფულისა და გავლენებისთვის ბრძოლასაც ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შიდაევროპულ ბრძოლას ორბანი ვერ მოიგებს.” ამბობს იური კამელჩუკი “მთავარ არხთან”
რა პოზიცია აქვს ვიქტორ ორბანის მუქარაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცევს, ღარიბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს დუბაიში შეხვდა, სადაც გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენცია მიმდინარეობს. დააყენა თუ არა პრემიერმა საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ორბანის საკითხი ცნობილი არ არის; მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია.