უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ორბანის თქმით, უნგრეთსა და თურქეთს შორის ამ თემაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს და თურქეთთან შეთანხმების მიღწევა არ ნიშნავს, რომ უნგრეთიც თანახმა იქნება შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. ვიქტორ ორბანმა ამის შესახებ 21 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ორბანმა ასევე თქვა, რომ ჯერჯერობით უნგრეთის პარლამენტის დეპუტატებში არაა დიდი ენთუზიაზმი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. NATO-ს წევრობაზე შვედეთის აპლიკაციის მთავარი მოწინააღმდეგეები თურქეთი და უნგრეთი იყვნენ. 2023 წლის სექტემბერში ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი არ ჩქარობდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირებას.
“არანაირი უნგრულ-თურქული შეთანხმება არ არსებობს. ეს მხოლოდ უნგრეთის პარლამენტში გადაწყდება მაშინ, როცა ამას უნგრელი კანონმდებლები გადაწყვეტენ. მათ დიდი სურვილი არ აქვთ ამ გადაწყვეტილების მიღების” – თქვა ორბანმა.
უნგრეთის პარლამენტი ამჟამად ისვენებს და მუშაობას 2024 წლის თებერვლის შუა პერიოდში გააგრძელებს.