უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 26 ივლისს რუმინეთში, ბეილე ტუშნადში საზაფხულო საუნივერსიტეტო ბანაკში გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის ახალ ბიუჯეტს მანამდე, სანამ უნგრეთი არ მიიღებს გაყინულ თანხებს.
ამასთან, ის აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტი ომის ბიუჯეტია:
„ახალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცებას სჭირდება ერთსულოვნება და სანამ ჩვენ არ მივიღებთ დარჩენილ (გაყინულ) თანხებს, არც ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი იქნება“.
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 2028-2034 წლების ბიუჯეტი 2 ტრილიონი ევროს მოცულობისაა და კონცენტრირებულია ეკონომიკურ კონკურენტულობასა და თავდაცვაზე. ევროკომისიამ უნგრეთს ეტაპობრივად შეუჩერა მილიარდობით ევროს მიწოდება ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მხრივ არსებული გამოწვევების გამო.
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში 2026 წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნების შედეგები გარანტირებული არ არის და ყველაფერი ელექტორატზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე დაჰპირდა, რომ მომავალ წელსაც პრემიერმინისტრის რანგში მიმართავს მათ.
ორბანმა აგრეთვე განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა ყოველთვის დაიცავს ეთნიკურ უნგრელებს ქვეყნის მიღმაც და იმავდროულად მოუწოდა უნგრელებს, თავადაც დაიცვან საკუთარი ინტერესები.
უნგრეთის ლიდერმა გამოაცხადა „ციფრული სამოქალაქო წრეების“ შექმნა – ამ ინიციატივის მიზანი, მისი განმარტებით, არის ციფრულ სივრცეში კონსერვატიული საზოგადოების გაძლიერება, რადგან, მისი აზრით, დღეს ინტერნეტსივრცე მტრული პროპაგანდის პლატფორმად არის ქცეული.
გლობალურ საკითხებზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ომის ალბათობა არ გამქრალა. მისი სიტყვებით, ცაზე სამი „მზეა“ – ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის. მსოფლიო წესრიგი სუსტია და თუკი ის დაინგრევა მხოლოდ რეგიონული გადარჩენის ზონები დარჩება. ამ კონტექსტში ორბანი უნგრეთის სტრატეგიულ მიზნად სახავს ომს მიღმა დარჩენას. ამის მისაღწევად ის 5 ამოცანას ასახელებს. ესენია:
· ძალაუფლების ცენტრებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება
· ზუსტი, თავდაცვაზე ორიენტირებული სამხედრო ძალის შექმნა
· ხელოვნური ინტელექტის განვითარება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
· ადამიანური რესურსების განვითარება, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების დონეზე
· უნგრეთი არ უნდა შემოიფარგლოს ერთ ბლოკში ყოფნით, არამედ უნდა ეცადოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის მიღწევას.
ორბანი აცხადებს, რომ ევროპა აღარ არის მშვიდობის პროექტი:
“ევროკავშირმა გადაწყვიტა ჩაებას ომში. აშშ-მაც რომ გადაწყვიტოს ომიდან გამოსვლა, ევროპა გააგრძელებს. ამის საპირისპიროდ, უნგრეთს არ სურს ომში მონაწილეობა”, – აცხადებს უნგრეთის პრემიერმინისტრი და იქვე დასძენს, რომ არ დაუშვებს უნგრეთის სათავეში ომის მომხრე მთავრობის მოსვლას.
რუმინეთში ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი უნგრეთის დიდ სტრატეგიასაც შეეხო:
“1920 წელს ჩვენ დავმარცხდით და გადაწყდა, რომ უნგრეთი უნდა ყოფილიყო პატარა და ღარიბი. ჩვენი ვალია შევცვალოთ ეს ბედისწერა. უნგრეთი უნდა იყოს დიადი და მდიდარი”. – მისი სიტყვებით, ეს მიზანი მიღწეული უნდა იყოს არა მოსახლეობის იმპორტით, არამედ ოჯახზე ორიენტირებული ეროვნული პოლიტიკით. მაგალითად მან დაასახელა ორშვილიანი დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და ახალგაზრდების დახმარება საცხოვრებლის შეძენაში.
მიგრაციაზე საუბრისას, ორბანმა თქვა:
“ჩვენგან დასავლეთით მდებარე ქვეყნები შერეულ საზოგადოებებად იქცნენ, იქაურ დიდ ქალაქებში უმრავლესობად მალე მუსულმანები იქცევიან. მოსახლეობის ჩანაცვლება უკვე სახეზეა”.
დასკვნით ნაწილში უნგრეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა:
“სუვერენული უნგრეთი ნიშნავს იმას, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. არავინ უნდა გვითხრას ვისთან ერთად ვიცხოვროთ და როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები, ანდა წავიდეთ თუ არა ომში. დღეს ამ გადაწყვეტილებებს ჩვენ თვითონ ვიღებთ – უნგრეთი ჯერაც სუვერენული ქვეყანაა”.
