ორბანი პოლონეთის პრემიერს „ომის წაქეზებაში“ ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პოლონელი კოლეგა, დონალდ ტუსკი უნგრეთზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, და დასძინა, რომ ტუსკის მიერ „ომის წაქეზებას“ მხარს არ დაუჭერს. ამავდროულად, ის შეხვდა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზბიგნევ ზიობროს, რომლისთვისაც პოლონეთის ხელისუფლება იმუნიტეტის მოხსნას ცდილობს.
მან ტუსკი და ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი, მანფრედ ვებერი ევროპის „ყველაზე ხმამაღალ ომის წამქეზებლებს“ შორის მოიხსენია და აღნიშნა, რომ „მათ მიერ მხარდაჭერილი ომის პოლიტიკა კრახს განიცდის“, „ს ევროპული ფული უთავდება“ და „პოლონელი ხალხი ომისგან დაიღალა“.
„მან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია“, – ამბობს ორბანი და იქვე დასძენს, რომ ტუსკი „პანიკაშია, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და უნგრეთის სამშვიდობო პოზიციას აკრიტიკებს “, რათა შიდა საკითხებიდან ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს.
„უნგრეთსა და პოლონეთს შორის ისტორიული მეგობრობა უკეთესს იმსახურებს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ უნგრეთი „განსხვავებულ გზას – მშვიდობის გზას მიჰყვება“ და „უნგრელი ხალხი უარს ამბობს, ბრიუსელის ვასალი გახდეს“.
ორბანის თქმით, ხუთშაბათს ის ბუდაპეშტში ზიობროს შეხვდა. თავის მხრივ, პოლონეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ „X“ პლატფორმაზე განმარტა, რომ უნგრეთში ფილმის პრემიერაზე დასასწრებლად ჩავიდა და ორბანთან „დაუგეგმავ“ შეხვედრაზე მიიწვიეს.
წინა სამშაბათს კი, პოლონეთის ამჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა სეიმს წარუდგინა მოთხოვნა ზიობროსთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მის დაკავებასა და დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. ზიობროს იუსტიციის ფონდიდან მრავალი მილიონი ზლოტის ოდენობის გრანტების კონკურსების სავარაუდო გაყალბებას ედავებიან.
ზიობრომ პორტალ wPolityce.pl-ს განუცხადა, რომ უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია. ორბანმა კი ზიობროსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში პოლონეთის მემარჯვენეების უდიდესი გამარჯვების შემდეგ,“ პოლონეთის „პრობრიუსელურმა მთავრობამ“ მის (ზიობროს) წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია წამოიწყო.
ამ შეხვედრის საპასუხოდ, ტუსკმა „X“ პლატფორმაზე დაწერა: „ან პატიმრობაში, ან ბუდაპეშტში“.
წყარო: 1 არხი