უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, სანამ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება, საჭიროა, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება. ორბანის თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პირველი ნაბიჯი.
“თუ ჩვენ არ ვიცით (რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს) მაშინ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები… ამიტომ, მე მაქვს ასეთი ხედვა, რომ ევროკავშირმა, უკრაინასთან, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი. ეს შეთანხმება, შესაძლოა, 5-10 წელი გაგრძელდეს. ისინი დავიახლოვოთ, რადგან ახლა, ჩვენ შორის სხვაობა ძალიან ფართოა. მოდით, ჯერ გარკვეული დროის მანძილზე ერთად მუშაობა ვცადოთ და როდესაც დავინახავთ, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია, მაშინ დავიწყოთ საუბარი გაწევრიანებაზე”. – ამბობს ორბანი.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
10 დეკემბერს, ევროპულ საბჭოში 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
გადაწყვეტილების დამტკიცებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.
უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ არ უნდა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი. უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები მთავარ არგუმენტად უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებენ.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 18 ნოემბერს გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისგან უკრაინა სინათლის წელიწადით არის დაშორებული.