ორბანი ახალ ულტრამემარჯვენე ევროპულ ალიანსს ქმნის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს „ფიდესი“, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ (FPÖ) და ჩეხეთის „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან“ (ANO) ერთად, ქმნის ალიანსს „პატრიოტები ევროპისთვის“. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ალიანსი გახდება ყველაზე დიდი მემარჯვენე ჯგუფი ევროპარლამენტში.
ჯგუფის მიზნებზე ვიქტორ ორბანმა, ANO-ს ლიდერმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა და FPÖ-ს ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა 30 ივნისს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მიიზიდავენ სხვა პარტნიორებსაც.
„ჩვენ ვამჯობინებთ ეროვნულ სუვერენიტეტს, ფედერალიზმს, თავისუფლებას — ბრძანებებს და მშვიდობას — ომს“, – ნათქვამია სამეულის „პატრიოტულ მანიფესტში“.
მანიფესტში გამოთქმულია მზადყოფნა, დაიცვან თავიანთი საზღვრები, შეაჩერონ არალეგალური მიგრაცია და შეინარჩუნონ კულტურული იდენტობა, ევროპელი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნების შესაბამისად.
„თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის ევროპარლამენტის არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა და იმედი აქვს, რომ 29 სექტემბერს ეროვნულ არჩევნებშიც გაიმარჯვებს. ორბანის და ბაბიშის პარტიებმა ასევე გაიმარჯვეს ევროპარლამენტის არჩევნებში თავიანთ ქვეყნებში.
„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) დატოვების შემდეგ ორბანის „ფიდესი“ ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის გარეშეა დარჩენილი. სამ პარტიას ჰყავს 23-ზე მეტი წევრი ევროპარლამენტში, თუმცა პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად სჭირდებათ დეპუტატების მიმხრობა სულ მცირე კიდევ ოთხი სხვა ქვეყნიდან.
ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფია: „ევროპის სახალხო პარტია“, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსი“, Renew Europe (განაახლე ევროპა), „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR), „იდენტობა და დემოკრატია“ (ID), მწვანეები/EFA და მემარცხენეები, ასევე, 90-მდე არააფილირებული დეპუტატი.
ახალი ალიანსის შექმნა გამოცხადდა ერთი დღით ადრე, ვიდრე უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს როტაციულ, ექვსთვიან თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

ასევე დაგაინტერესებთ