უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში რეზოლუცია წარადგინა, რომელიც გულისხმობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ეს მოთხოვნა უნგრეთის მთავრობას გაეგზავნება.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა ევროკავშირი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომ შესაძლოა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიონ.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირმა 15 დეკემბერს უნდა მიიღოს, რისთვისაც სრული კონსენსუსია საჭირო.
“ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა დარჩეს წესებზე და შედეგებზე დაფუძნებულ ობიექტურ პროცესად” – წერია უნგრეთის მმართველი პარტიის რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კარგად უნდა გამოიკვლიონ, თუ რა გავლენას მოახდეს უკრაინის შესაძლო გაწევრიანება კავშირის ერთიანობაზე და აგრიკულტურის პოლიტიკაზე.
ვიქტორ ორბანის ოფისმა დაადასტურა, რომ გადამწყვეტ სამიტამდე უნგრეთის პრემიერმინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდება.