“ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება უმძიმესია” – ლორთქიფანიძე

საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება უმძიმესია.
ჯერ ერთი, გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი ან დაპატიმრებულია, ან ემიგრაციაშია. ხელისუფლებამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით ყველა ციხეში შეყარა: ის პარტიული მესვეურებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას გაექცნენ, რომლებმაც ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწიეს და ციხეში შესვლით გადაწყვიტეს თავიანთი უსუსურობისგან გათავისუფლება, გმირის მანტიის მოსხმა, და პოლიტიკოსები, რომლებმაც კანონის დარღვევის გამო სოლიდური ჯარიმები გადაიხადეს. ციხე ემუქრება გახარიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში. პარლამენტის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტი უზარმაზარ რკინის ცოცხად იქცა, რომლის გამოყენებითაც წულუკიანმა მთელი ველი გამოგავა. ოცნების მიდგომა ამგვარია “ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტკური ოპონენტების მიმართ, ყველანი ციხეში!”. ოპოზიცია ერთ საერთო სტრატეგიაზე კი არა, ორ-სამ მყარ ბანაკად დაყოფაზეც კი ვერ შეთანხმდა. ჯერ საბოტაჟი მოუწყვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმას, ხან რადიკალები ბომბავდნენ მის ინიციატივას, ხან ზომიერები… საბოლოოდ, ვერც ერთმა ფლანგმა ვერ დათმო თავისი ამბიციები. შემდეგ ორ ნაწილად გაიხლიჩნენ – არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად და ბოიკოტისტებად. ბოიკოტისტებმა სულ სამშობლოს მოღალატეები ეძახეს, ლანძღეს და აგინეს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებს. აქ არ დამთავრებულა დაყოფა! თავად ბოიკოტისტებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზოგი რევოლუციის თარიღის “გამოკიდების”, მომხრეა, ზოგიერთი ამბობს არ არის სერიოზული გამოკიდებაო. მეტიც, ერთი პარტიის შიგნით დაიწყეს სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სატელევიზიო ინტერვიუებით ერთმანეთისთვის საქმის გარჩევა. ალბათ, რა ბედნიერია ივანიშვილი, როდესაც ოპოზიციის ბრძოლის ხერხებსა და მიდგომებს აკვირდება. მაგალითად, ორდღიანი შიმშილობა ყველა ოპოზიციური პარტიის ბოიკოტში ჩართვის მიზნით; ალტერნატიული ელექტრონული , რომლითაც კონტრპარლამენტსა და კონტრთვითმმართველობას ავირჩევთ და ა.შ. მათი კიდევ ერთი მთავარი ხაზია – შეუწყნარებლობა! ვინც მათ არ ეთანხმება მარტო თუ დაიგულეს, შეიძლება დროშის ტარი უბრაგუნონ თავში! ეს რა არის?! რა კულტურაა?! და რაც მთავარია, ოპოზიციონერთა ერთ ჯგუფს ჰგონია, რომ რადგან ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს ვერ ვიტანთ, მათ შევიწროვებას ვესწრაფვით, ამიტომ გმირებად შევრაცხავთ იმ მკვლელებსა და რეციდივისტებს, რომლებიც ბეტონის ფილებს აბამდნენ ადამიანებს ფეხებზე და ზღვაში ყრიდნენ მათ. არჩევნებში მონაწილე პარტიებიც გვაოცებენ თავიანთი არასერიოზულობით. შევიდნენ ასეთ უთანასწორო ომში და ნაცვლად იმისა, მგრგვინავი კანდიდატები მაინც წარადგინონ, ცირკი აქვთ მოწყობილი. მერაბ სეფაშვილზე მსჯელობა ნორმალურია? ინტელექტს აფრქვევს? ძალას ასხივებს? რადგან იცნობენ, ამიტომ მილიონნახევრიანი მეგაპოლისი უნდა ჩავაბაროთ! “ჩემი გმირი გიწოდეც” გვახსოვს. სირცხვილია… მეორე მხრიდან კი მეც რომ არ ვიცი, ისეთი ადამიანის დასახელება უნდათ, რომელიღაც მოყვითალო ჟურნალის ექს-რედაქტორის! თქვენ ყველა თეფში შიგნით, კარადაში ხომ არ გაქვთ შეწყობილი?! ოპოზიციურ ველზე გააქტიურდნენ ხავერდოვანი რევოლუციის მომხრეებიც, 2-ის მოწყობის მსურველებიც… მათ ჰგონიათ, რომ ხავერდოვან რევოლუციას მხოლოდ თარიღის გამოცხადება, კისერზე ძარღვების დაბერვა და ყვირილი ყოფნის. ხავერდოვან რევოლუციას სჭირდება: 1. კარგად ორგანიზებული, მრავალრიცხვოვანი, იდეურად მომზადებული, ცენტრალურ საკითხებზე შეთანხმებული ოპოზიცია, არდული რაზმი! 2. არაორგანიზებული, დასუსტებული ხელისუფლება, ჩამოშლის პირას მყოფი სტრუქტურებით, ხელისუფლება, რომელსაც ენთუზიაზმით არავინ იცავს, რომელსაც აღარ შეუძლია მომხრეთა შეკრება. 3. მუდმივი და ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოების ყველა ფენისგან, მათი თუნდაც პასიური მხარდაჭერა, მათი თუნდაც მცირე ნაწილის ეფექტიანი მობილიზაცია. არც ოპოზიცია არ არის ძლიერი და ორგანიზებული, ჯერჯერობით არც ხელისუფლება არ არის ჩამოშლის პირას და პროპაგანდით თავის მხარდამჭერებსაც ურეცხავს ტვინს, თან ეს მხარდამჭერები საკმარისად არიან. რაც მთავარია, ოპოზიცია თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და წრის გარღვევას არ ცდილობს, არ ელაპარაკება მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, პირიქით … როდესაც ასეთ ვითარებაში, ასე უტვინოდ აანონსებ რევოლუციას ეს გაპონიზმია! რა არის გამოსავალი? ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ომითა და რევანშით შეშინებულ, პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ჩვენს თანამოქალაქეებს დაველაპარაკებით და მათ გადმობირებას შევეცდებით. ივანიშვილი დამარცხდება, თუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა ამ სტრატეგიით კრიტიკულად შემცირდება. ასევე, ეს საზარელი ხალხი ხელისუფლებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის დაწყებული ბრძოლა იქორწინებს სოციალური უფლებებისთვის წარმოებულ ბრძოლებთან და ივანიშვილის საწინააღმდეგო ფრონტი გაფართოვდება.