ოპოზიციური პარტიები BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს.
პარტიები საერთაშორისო ინსტიტუტებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი აგროვებენ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც შემდეგ საერთაშორისო ინტიტუტებს გადაეცემა.
“ბიბისის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.
დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.
ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ადამიანს ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს – მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.
ამასთან, მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. “ქართული ოცნებისთვის” მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.
დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.
ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება”, – წერია განცხადებაში.