ქალაქ თბილისის საკრებულომ იპოდრომის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
საუბარია დედაქალაქის ცენტრში მდებარე 80 145 კვადრატულ მეტრზე, რომელიც ცვლილებამდე სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსს ატარებდა. ამ ზონებში კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება.
ტერიტორიის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ცენტრალ პარკ ავენიუ“, რომლის დირექტორიც ვასილ ფხაკაძეა. კომპანია ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მინიჭებას ითხოვდა.
აღნიშნული ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.
საპროექტო გადაწყვეტილებით ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა რომელთაგან ერთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები განთავსდება, მეორე კი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით.
მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა მოსახლეობასთან ერთად დღეს გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარტია „ლელოდან“ საბა ბუაძემ, ვატო სურგულაძემ და პარტია „ახალის“ წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის საკრებულოში აცხადებენ, რომ საკრებულო ამტკიცებს მორიგ ვანდალურ პროექტს რომელიც დედაქალაქის უკანასკნელ მწვანე სივრცეს გაანადგურებს.
„საბა ბუაძის თქმით, ივანიშვილი, კალაძე და ფხაკაზე იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის დაწყებით თბილისის ურბანულ გენოციდს ახორციელებენ, რაც დაუშვებელია და ამ საკითხის ირგვლივ აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება.
ოპოზიციური პარტიები მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეჩერდეს პროექტი და სრულად გადაიხედოს ტერიტორიის განვითარების წინადადება,“ — ვკითხულობთ პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.