ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას აანონსებენ

ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებს მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას.
„24 ნოემბერს 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე“ – წერს პარტიების კუთვნილი ტელეგრამ-არხი, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.
ამჟამად, შაბათს, დღის ოთხი საათის შემდეგ, პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ – მოწოდებით, გადაკეტილია გმირთა მოედანი.
ორშაბათ დილას ახალი პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს სხდომა არ მოუწვევია, – იგი, ოპოზიციის მსგავსად, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და შედეგებს არ აღიარებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა იგი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ სხდომა 25 ნოემბერს მაინც გაიმართება.
პირველ სხდომაზე არ არიან მიწვეულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცნობს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, – რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, – საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.
იგი მიიჩნევს, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპები დაირღვა და ამიტომ შედეგები უნდა გაბათილდეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ფორუმი