ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და უცხოელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას სასამართლო სხდომის წინა საღამოს. პოლიტიკოსების ნაწილი დიღმის იზოლატორთან შეიკრიბა – ვარაუდობენ, რომ ის იქაა გადაყვანილი.
შსს-ის ცნობით, მელია დააკავეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე“. მისი თანაგუნდელები კი ამას უწოდებენ „ჩასაფრებით გატაცებას“.
ნიკა გვარამიას თანახმად, მელიას თანმხლები ავტომობილი ჯერ „დაბურული მინების“ გამო გააჩერა პატრულის ერთმა ავტომობილმა, რის შემდეგაც ადგილზე მოულოდნელად 100-მდე პოლიციელი გაჩნდა.
„წინააღმდეგობის პლატფორმა“
სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეკრებილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომელიც 2024 წლის არჩევნების ყველა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, წერს:
„ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“
„ძლიერი საქართველო“
ცალკე აკეთებს განცხადებას „ძლიერი საქართველო“/„ლელო“.
„ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს.
გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.
როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს“.
ჯო უილსონი
„მეგობარი აქტის“ თანაავტორი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი X-ზე წერს:
„ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, რომელიც ვიხილეთ ოპოზიციაზე წინა თავდასხმის შემთხვევაში.
ცხადია, რომ მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ.
გამოსავალია სანქციები!“
მარკო მიხელსონი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი, X-ზე წერს:
„როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი ყველანაირი პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრაა — ისევე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში გაკეთდა.
ნიკა მელიას დაპატიმრება, სავარაუდოდ, უკანასკნელი [დაპატიმრება] არ იქნება.
ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი.
თუ დემოკრატიები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური ამბიციების წინააღმდეგობის გაწევას ისახავენ მიზნად, საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები აუცილებელია“.
რასა იეკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, – რომელიც მიმდინარე კვირაში თბილისში იმყოფებოდა, – X-ზე წერს:
„სულ ახლახან ქუჩაში კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.
ერთი კვირის წინ – ზურაბ ჯაფარიძე.
საქართველოში სიტუაცია უარესდება.
ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ!“
ფორუმი
