ოპოზიციური ალიანსი აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელსაც “ოცნების” სასამართლომ ქვეყნიდან გაძევების ვერდიქტი გამოუტანა, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ოცნების” ოპონენტები მიიჩნევენ, რომ არსებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის უგულებელყოფაა. ალიანსი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სადიგოვს კრიტიკული დამოკიდებულების გამო სჯის.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
ოპოზიციის ალიანსი მხარდაჭერას ვუცხადებთ აფგან სადიგოვს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს ამ შემთხვევას, ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.




