ოპოზიციონერების თქმით, მათ პარლამენტში არ უშვებენ, “ოცნების” წევრთა ნაწილი კი უკვე იქ იმყოფება

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს.
მათი ინფორმაციით, პარლამენტში იმყოფებიან უმრავლესობის დეპუტატები – რადგან დემონსტრანტები აპირებენ ღამე პარლამენტთან გაატარონ და დილით, შენობასთან მისულ დეპუტატებს დახვდნენ, “ქართული ოცნების” დეპუტატებს უწევთ, მათთან ერთად გაათენონ ღამე, ოღონდ – პარლამენტის შენობაში.
“მართლა მაქვს ინფორმაცია, რომ ნაწილი დეპუტატებისა არის შენობაში გამაგრებული, კბილის ჯაგრისებით და მეორე დღეს ჩასაცმელი კოსტიუმებით, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გამოიპრანჭონ ღალატის მესამე მოსმენისთვის და ასე “ღირსებით” გააგრძელონ სვლა კრემლისკენ, რადგან ზუსტად მანდ არის მათი ადგილი”, – განაცხადა საბა ბუაძემ, პარტია “ლელოს” წევრმა.
ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად უნდოდათ. ერთ-ერთი, ვინც შენობაში შესვლა სცადა და არ შეუშვეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, იყო. ის მოუწოდებს კოლეგებს, ერთად მოითხოვონ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება.
“პარლამენტარს აქვს ამ შენობაში ნებისმიერ დროს შესვლის და მუშაობის უფლება. აბსოლუტურად უკანონია ახლა რაც ხდება – პარლამენტის შენობაში არ უშვებენ დეპუტატებს. ამიტომ, შევთავაზე კოლეგებს, რომ ყველანი ერთად შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ პარლამენტში შესვლა”, – განაცხადა ვაშაძემ.
კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც პარლამენტში არ შეუშვეს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ა.
“იმიტომ სცემენ ახალგაზრდებს, რომ დეპუტატები მშვიდად შევიდნენ. ახლა რომ შიშის გამო ღამე აქ გაათენონ, მე არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ ისინი იმას აკეთებენ, რასაც ეუბნება ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
მისმა თანაპარტიელმა, ლევან ბეჟაშვილმა დეპუტატებისთვის ჩაკეტილი პარლამენტის შენობა ციხესიმაგრეს შეადარა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტი გადააქციეს ციხესიმაგრედ. ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები შენობაში იმყოფებიან უკვე და ივანიშვილის სპეცსამსახურებს მძევლად ჰყავთ აყვანილი დეპუტატები. სხვა მხრივ გაუგებარია, რატომ არ აძლევენ ოპოზიციონერ დეპუტატებს შესვლის უფლებას. ცხადია, რომ რაღაცა მიზეზით არის შენობა დაკეტილი”, – ამბობს ბეჟაშვილი.
დაუშვებლად მიიჩნევს დეპუტატებისთვის პარლამენტის კარის ჩაკეტვას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი .
“ვინაიდან ეს არის ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, დეპუტატს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს და უნდა ჰქონდეს დაშვება საკანონმდებლო ორგანოზე. აქ, რა თქმა უნდა, ორი აზრი ვერ იარსებებს”, – თქვა დაუშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ჭიშკარი ჩიტაძის ქუჩის მხრიდან – ის, რომლითაც, ჩვეულებრივ, სარგებლობენ ხოლმე დეპუტატები, შედუღაბებულია.
დღეს, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში გამოცხადებულია ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე. ეს გულისხმობს შენობაში შესვლის შეზღუდვას, თუმცა, წესით, შეზღუდვა დეპუტატებს არ ეხებათ.
“ნეტგაზეთი” ცდილობს უმრავლესობის დეპუტატების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას, ასევე იმის გარკვევას, რატომ არ უშვებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობაში, თუმცა პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს, ჯერჯერობით, ვერ ვიღებთ.
პარალელურად, გრძელდება ანტირუსული პროტესტი საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად. მოქალაქეები დღეს, 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ პარლამენტთან და აპირებენ, ღამე “გაათენონ საქართველოსთვის”, რათა დილით, საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ დეპუტატებს შენობასთან დახვდნენ.