ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნა – “ოცნება” პოლიტიკური შურისძიების გეგმას მიუბრუნდა (ვიდეო)

ოპოზიციის გაერთიანება, ახლა არის ის, რაც “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად არ აწყობს. დაქსაქსული და დასუსტებული ოპოზიციური პარტიები, “ოცნებისთვის” ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთავარი კომპონენტია. როგორც კი ოპოზიცია საერთო გეგმაზე ალაპარაკდა, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა გაიხსენა.

ვინ მოხვდა ყველაზე მეტად თვალში “ქართულ ოცნებას”. ოლიგარქს გეგმებს ზურა გირჩი ჯაფარიძე ურევს, რომელიც ციხიდან გამოსული ერთი დღის წესრიგით მუშაობს – ყველა ერთად. ჯაფარიძის ეს გეგმა და მისი ლიდერობა “ქართულ ოცნებას” არ მოსწონს, ამიტომ, დღეს, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი “ოცნების” სამიზნე იყო.

ოპოზიციას ერთმანეთთან დაპირისპირებამ და ომმა ნულოვანი შედეგი მისცა, ამიტომ ახლა ერთიანი მოქმედების ტაქტიკაზე მუშაობენ. კონსულტაციები დაწყებულია და საერთო დოკუმენტზე მსჯელობენ – როგორ დაამარცხონ ოლიგარქიული რეჟიმი.

ზურა ჯაფარიძესთან კონსულტაციებს ადასტურებენ “ლელოშიც” – თუმცა, ამ ეტაპზე ისინი საერთო დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები არ არიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც, ჯერჯერობით, პოლიტიკურ პარტიებს მიღმა არიან, მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა თვლიან, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის  დიდი გადაჯგუფების დროა.