ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა რობაქიძის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს და ამ წუთებში წერეთლის გამზირზე იმყოფებიან. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც 5 ნოემბერს მიმდინარე აქციაში მონაწილეობს, რადიო თავისუფლებას პროტესტის მიზეზებზე ელაპარაკა.
„თეთრიწყაროში 4 ნოემბერს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეეშინდათ, რომელიც წესიერი ადამიანი აღმოჩნდა ამ დამ პალ სისტემაში. არ უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში იგივე საქმეები განაწილდეს სხვადასხვა მოსამართლეებზე, იგივე არ დაემართოთ და ამიტომ გააერთიანეს საქმეები. აქ მოვედით იმის გასაპროტესტებლად, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, მათ შორის ცესკო, სუსი, პროკურატურა მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ გაუკეთებიათ. საქართველოს მოქალაქეები, რაც დამოუკიდებელი გავხდით, ყოველთვის ირჩევდნენ, რომ ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, დასავლეთის ნაწილი. ახლა რუსები თავს გვახვევენ სხვა არჩევანს“, – თქვა ჯაფარიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„მომდევნო დღეებში, კვირებში ჩვენი ამოცანა არის, რომ მთელი თბილისის სავსე იყოს ხალხით. ყველა ძირითადი მოედანი, ქუჩა, გამზირი უნდა იყოს ხალხით სავსე. იმ წერტილამდე სანამ მივალთ, ჩვენ სხვადასხვა უბანში ასე უნდა ვიდგეთ“, – თქვა მელიამ.
პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი აქცია გაიმართება 6 ნოემბერს, 11:00 საათზე. 12:00 საათიდან კი საარჩევნო დავებზე სასამართლო პროცესი არის დანიშნული.
ოპოზიციამ 5 ნოემბერს მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მოქალაქეების შეკრება, მას შემდეგ დააანონსეს, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ 4 ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საიას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა.
4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.
26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.