ოპოზიცია ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

10 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შესწავლის მიზნით.
პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, თამარ კორძაიამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ არის კორუმპირებულობის სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საქართველოს პარლამენტში ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ, რაც აწუხებს ხალხს – კორუფციაზე, საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება? როგორ გამდიდრდნენ ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე? როგორ აფრენენ საკუთარ შვილებს უცხოეთში? რა ხარჯებით ცხოვრობს მათი შვილი ფილადელფიაში? – ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობისთვის არის დამალული“.
როგორც კორძაიამ განმარტა, ოპოზიციას საკმარისი ხელმოწერები აქვს საკითხის ინიციირებისთვის.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს (30 დეპუტატს).
პროცედურის მიხედვით, კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას კი პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება.
საპარლამენტო ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ყველაზე ახლოს 2023 წლის აპრილში იყო. მათ ოპოზიციის 50 დეპუტატის მობილიზება შეძლეს სასამართლო სისტემაში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესწავლის მიზნით კომისიის შესაქმნელად.
2023 წლის 18-19 აპრილს უმრავლესობის დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც კენჭისყრის წინ გასავლელი სავალდებულო პროცედურაა. კვორუმი ვერ შედგა და სხდომაზე კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყარეს და ვეღარც რიგში მდგომ კანონპროექტებს.
ექსპერტებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლების ეს სვლა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს აზარალებს პარლამენტის საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)