ოპოზიციის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან – პროდასავლური პარტიების ლიდერები ამ წუთებში პოლონელ და ლიეტუველ პოლიტიკოსებს ხვდებიან.
საქართველოში ჩამოსული დანიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი ხელისუფლების ოპონენტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემასა და წამებას განიხილავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ევროდეპუტატებთან მსჯელობის საგანი ასევე ის ქმედითი ნაბიჯები იქნება, რაც ევროკავშირმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად უნდა გადადგას.
ევროპარლამენტარები საქართველოში არიან ჩამოსული იმისთვის, რომ ამერიკული სანქციების პარალელურად განვიხილოთ, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად და ბუნებრივია ეს არის ინდივიდუალური სანქციები უკვე ევროკავშირის მხრიდან”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
კოალიცია “ცვლილების” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებთან განიხილავენ ყაველაშვილის ინაუგურაციას და იმ საკითხს, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქოდეთ სტრატეგიულ პარტნიორებს “ივანიშვილის ცირკთან” დაკავშირებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არის ისეთი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება ახლა გადაიდგას, რომელიც ჯერ არ გადადგმულა. ეხება ლეგიტიმაციას. ხვალ მასკარადს რომ აწყობენ და ინაუგურაციას რომ ეძახიან და ვითომ, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მაგ ნაწილში არის. ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როდესაც იქნება მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე ცირკის მიერ არჩეული მორიგი ზებრა. მასთან მიმართებით დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს, მაგაზე შეიძლება მუშაობა”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარები მესამე სექტორს შეხვდებიან.