„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ დოკუმენტში მსჯელობის საგანია პარლამენტის ახალი არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით ჩატარდეს.
როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცერთერში განაცხადა, გარდა ამისა, მსჯელობის საგანია კრიზისმენეჯმენტის საბჭოს შექმნა, „რომელმაც უნდა მართოს არსებული კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე“.
„ეს დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა, თუმცა არ არის საბოლოო ვერსია და არ გასაჯაროებულა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება – პირველია – როგორ უნდა წარიმართოს ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია და ა.შ. ვინაიდან ელექტრონული არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არის ძალიან დაბალი, ამას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნაც. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ეს შეიცვალოს და არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდეს. თუმცა, ესეც სამსჯელოა. დოკუმენტში ასევე გაწერილია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ცხადია, ეს საბოლოო ვერსია არ არის, კონსულტაციები საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.
რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ყოფილიყო საკოორდინაციო საბჭო, ამაში იქნებოდა ოთხივე პროდასავლური ძალა პრეზიდენტთან ერთად, შეიქმნებოდა ორგანო, საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების ჩატარებას. არ დავარქვათ ამას პარალელური მთავრობა, ეს არის კრიზისმენეჯმენტი, საბჭო, რომელმაც უნდა მართოს ეს კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცეთერში ჩართვისას განაცხადა..
წყარო: ინტერპრესნიუსი