ონლაინ-ვაჭრობის ჩინური პლატფორმა „ტემუ“ საკვებზე ფოკუსირებას გეგმავს

„ტემუ“ იაფ პროდუქტებს (ძირითადად, ჩინურს) ხშირად ხარისხისა და უსაფრთხოების იგნორირების ხარჯზე გვთავაზობს. ამჟამად „ტემუ“ გერმანიაში მეტი საკვების გაყიდვას გეგმავს და ამისთვის ევროპაში მიმწოდებლებს ეძებს. რას ამბობენ ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დამცველები?
„ტემუ“ თავისი იაფი საქონლით არის ცნობილი. ამჟამად ონლაინ-პლატფორმა სასურსათო ბიზნესში დიდი მასშტაბით შესვლას გეგმავს. ამის შესახებ „ლებენსმითელ ცაიტუნგი“ იუწყება. როგორც ირკვევა, გერმანელებს უკვე შეუძლიათ ჩინური კომპანიისთვის ტკბილეულის შეკვეთა, მაგრამ საქმე ამით არ შემოიფარგლება.
გაზეთის ინფორმაციით, „ტემუ“ მთელი ევროპის მასშტაბით ეძებს საკვების მიმწოდებლებს. რეკლამა საკმაოდ „აგრესიული“ აქვს. ეს იმიტომ, რომ „ტემუს“ შეუძლია, ევროპელი მიმწოდებლები „ადგილობრივად“ მონიშნოს. სამომხმარებლო საქონლის სექტორისთვის „ტემუ“-ში სპეციალური გუნდი შეიქმნა.
ჩინური კომპანია გერმანიაში 2023 წლის გაზაფხულიდან აქტიურობს და არაერთხელ გამოუწვევია აჟიოტაჟი, თავისი დაბალი ფასებითა და მაღალი ფასდაკლებებით. მისთვის შეკვეთილი პროდუქცია, ხშირად, მომხმარებელს პირდაპირ მწარმოებლისგან მიეწოდება.
მომხმარებელთა უფლებების დამცველები „ტემუ“-ს დიდი ხანია აკრიტიკებენ. კრიტიკა, ძირითადად, გამოწვეულია პროდუქტებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობით და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით. თუმცა, ბავარიის მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრი ითხოვს, რომ რადგან საკვები პროდუქტი, ძირითადად, ევროპული იქნება, ამიტომ, ის ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ასეთი პროდუქციის ყიდვისას, ცენტრი სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს და ინგრედიენტების შემოწმებისკენ მოგვიწოდებს.
ონლაინ საცალო ვაჭრობის ასოციაცია BEVH შეშფოთებულია „ტემუს“ გეგმებით, რომელიც კვების სექტორში ფართოდ შესვლას ითვალისწინებს. ასოციაცია მიიჩნევს, „ტემუ“-ს მიერ საკვების მარკირება და მომხმარებლის ინფორმირება ყოველთვის სრულყოფილი არ არის.
„ტემუ“-ს და მისი კონკურენტი „შეინის“ მიწოდებები, რომელიც ასევე ჩინეთიდანაა, ახლა გერმანიაში ონლაინ მომწოდებლების მიერ საზღვარგარეთიდან გენერირებული ბრუნვის დაახლოებით მესამედს შეადგენს. გერმანიის საგარეო ვაჭრობის ასოციაცია BGA ხედავს მკაფიო ნიშნებს, რომ საქონელი, რომელიც თავდაპირველად -ს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, თანდათან ევროპაში გადადის. მათი თქმით, ეს პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო ომის პირდაპირი შედეგია.
ევროკავშირი ამჟამად არსებული 150 ევროს ოდენობის უბაჟო ლიმიტის გაუქმებას და მის ნაცვლად, მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ ამანათებზე ორი ევროს ოდენობის ფიქსირებული გადასახადი შემოღებას გეგმავს.
წყარო: 1 არხი