ონლაინმედიისთვის გაურკვეველი ვადით შეიზღუდა პარლამენტში მუშაობა

27 და 28 მაისს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს საკითხს განიხილავს. ისევე, როგორც ამ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს, ახლაც პარლამენტში მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს უშვებენ.
ონლაინმედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები გაურკვეველი ვადით არის დაწესებული. პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „მიმდინარე წლის 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“.
დღეს, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ხვალ კი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება განსახილველად.
14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
23 მაისს -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება” კანონზე უარს იტყვის.

ასევე დაგაინტერესებთ