ონკოლოგიური პაციენტები უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავენ, რომლის მიზანია მათთვის გათვალისწინებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა და რიგი კვლევების დაფინანსება.
როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გეგმავენ, რომ დაფინანსების მიზნით პრემიერ – მინისტრთან განაცხადი შეიტანონ, სადაც ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იქნება დართული.
გვანცა აფხაიძე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები კი – არა.
მისივე თქმით, მთავარ მოთხოვნას კვლავ წარმოადგენს ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტის აღმოიფხვრა და ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა.
ამასთან, გვანცა აფხაიძე ონკოლოგიური პაციენტების სახელით მიმართავს მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის.
„მინისტრის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას შევაფასებ იმ მდგომარეობით, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს გვაქვს. ონკოპაციენტები ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სრულფასოვან სერვისებს ვერ იღებენ. მინდა ვთხოვო მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, რომ ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის. ისინი აქ რომ ჩამოვლენ, განწირულები არიან. არ აქვთ სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა.
ძვირადღირებულ მედიკამენტებს მხოლოდ ერთხელ აფინანსებს “რეფერალური”, იმ მედიკამენტს, რომელიც საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის. მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები დაფინანსებაში არ შედის. პრობლემაა ის, რომ ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება ისევ აგვიანებს.
ვითხოვთ მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას. მინისტრთან ბოლო საუბრისას აღვნიშნეთ, რომ დეფიციტი იყო, ყველა სააფთიაქო ქსელში არ იყო, რის საპასუხოდაც განაცხადა, რომ სააფთიაქო ქსელებზეა დამოკიდებული, მათ ეხებათ, არადა სამინისტროს მოვალეობაა მედიკამენტების ადმინისტრირებაზე მონიტორინგი.
ონკოპაციენტებს გვჭირდება მედიკამენტებზე წვდომა, პერსონალიზებული ულიმიტო დაფინანსება. ყველა მედიკამენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა განსაზღვრული რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოვიდეს ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტები“,- აღნიშნავს გვანცა აფხაიძე.