ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს – რასაც თქვენ აკეთებთ, ეგაა ძალადობა!

პირდაპირ რომ გადაწყვეტილებას იღებთ, იქნებ რას გეუბნებით? დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, ყველაფერი სწორია? არაფერი არ არის სწორი, რაც თქვენ აქამდე მიგიღიათ! – ასე მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, აქციების დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ.

ბრალდებულმა იუმორისტმა მოსამართლეს ასე მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, რამაც როგორც ბრალდებულთა, ისე ადვოკატთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჯერ აბსურდული ძალადობის ბრალდებით გვასამართლებთ. შემდეგ რაღაცაზე გეუბნებით, არ მინდა-თქო და ძალით მაკეთებინებთ. ეგაა ძალადობა, გინდა ფსიქოლოგიური დაარქვით, გინდ მორალური და გინდ ფიზიკური, რაც გინდათ ის დაარქვით. მე ჩემს ადვოკატს ვენდობი, იმდენად ვენდობი, რომ შეიძლება ბავშვიც მოვანათვლინო. რატომ მინიშნავთ სხვა ადვოკატს, არ მესმის? მას ვერ ვენდობი.

მე მომავლის მჯერა და ადვოკატებმა და იურისტებმა უკეთ იციან, რა და როგორ უნდა მოხდეს და უკეთესადაც ჩამოაყალიბებენ, მაგრამ მე ასე გეტყვით- რაც გინდათ, ის გააკეთეთ!“, – მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა სასამართლოს სხდომის დატოვება გადაწყვიტა, რადგან მისი ადვოკატი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ამიტომ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ყველა ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ ადვოკატები და ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

ამის შემდეგ, კი მოსამართლემ ვინაიდან სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა, სასამართლო პროცესი დაასრულა.