ონისე ცხადაძე – კობახიძე ამბობს, რომ 1000 კაციდან 30 დავიჭირეთო – პროკურორს ვეკითხები, თქვენც მიიჩნევთ, თუ არა, რომ პრევენციის მიზნით ვართ დაკავებული?

კობახიძე არის იურისტი, რომელმაც მე მგონი, იურიდიული საერთოდ არ იცის. ამბობს, რომ 1000 კაციდან 30 დავიჭირეთო. გამოდის, რომ ჩვენ პრევენციისთვის ვართ დაკავებული – პროკურორს ვეკითხები, თქვენც მიიჩნევთ, თუ არა, რომ პრევენციის მიზნით ვართ დაკავებული?, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მან ისაუბრა და მაგალითად მოიყვანა აქციებზე დაკავებული სხვა ბრალდებულების გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურას მტკიცებულების სახით ვიდეო ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა ვიდეოს ხმა არ ჰქონდა.
“გუშინ რა ფაქტიც, მოხდა მეორე სასამართლოზე, რა მტკიცებულებაც პროკურორმა მოიტანა, მაინტერესებს რა ვიდეოთი “დავორგანიზდი” მე? სულ მაინტერესებდა, რომელი ვიდეოთი “დავორგანიზდი”, რადგან სულ მეგონა, რომ ეს ვიდეო ტელევიზორში გავიდოდა და გავიგებდი, როგორ “დავორგანიზდი”. გავიგე, რომ ამ ვიდეოს არ ჰქონდა ხმა. მაგ დროს, როდესაც ვიდეოს არ ექნებოდა ხმა, კონკრეტულად ის პირი [ვინც წარადგინა ვიდეო] მოსამართლემ უნდა დააჩაქუჩოს და …
ძალიან ამბავი აქვთ ატეხილი გარეთ “ქოცებს”, რომ 2012 წლიდან რუსებს გვეძახდნენო…2012 წლიდან კი არა, არის დაბადებიდან რუსი”, განაცხადა ონისე ცხადაძემ, რომელსაც ამ წინადადების წარმოთქმის შემდგომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სიტყვის დასრულებისკენ მოუწოდა და მოითხოვა, რომ დარბაზში შემდეგი მოწმე შემოეყვანათ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.