უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წელს, ლვოვი რთული რეალობის წინაშე დგას, ქალაქს აღარ ჰყოფნის ადგილი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების დასაკრძალად.
მომდევნო კვირაში ომში დაღუპულ სამხედროებს ლვოვის ისტორიულ, ლიჩაკივის სასაფლაოზე, სპეციალურად გამოყოფილ ახალ ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
აქამდე არსებული „საპატიო ველი“, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მალევე შეიქმნა, სრულად შეივსო. ქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სასაფლაო სივრცის შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას.
ხელისუფლების თქმით, ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი სამხედრო რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რამდენი ცხედარი არ არის იდენტიფიცირებული და რამდენი ცხედრის დაბრუნებას შეძლებს უკრაინა რუსეთიდან.
2022 წლის მარტიდან უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს კრძალავდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე „მარსის ველს“ უწოდებდნენ. დოკუმენტების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საავადმყოფოებში გარდაცვლილ ჯარისკაცებთან ერთად კრძალავდნენ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებსაც. მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
უკრაინელი სამხედროებისთვის ახალი სასაფლაოს შესაქმნელად ქალაქის ხელისუფლებამ ძველი ნეშტების ამოსვენებისა და მათი სხვა ტერიტორიაზე გადასვენების განკარგულება გასცა, რის შედეგადაც შეიქმნა ცალკე სივრცე რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულთათვის.
2022 წელს, როდესაც უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ეს ტერიტორია საკმარისად დიდ სივრცედ ითვლებოდა, თუმცა, ლვოვის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დღეს სასაფლაოზე ადგილები ამოწურულია.
ქალაქის ოფიციალური პირების თქმით, სასაფლაოს გაფართოების საჭიროება თავიდანვე იყო გათვალისწინებული და ახალი სივრცე უკვე შერჩეულია – ყოფილი „დიდების გორაკის“ ტერიტორია, რომელიც ასევე ლიჩაკივის სასაფლაოს შემადგენელი ნაწილია.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ერთიანი, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან უკრაინა არ ავრცელებს სრულ, დადასტურებულ გარდაცვლილთა რაოდენობას.
უკრაინული პორტალის UALosses მიხედვით, სადაც დაღუპული ჯარისკაცების მონაცემებია აკუმულირებული, მათი რიცხვი დაახლოებით 70 ათასია. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 65 ათასამდე მებრძოლი.
ვაშინგტონში დაფუძნებულმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა (Center for Strategic and International Studies, CSIS) 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანალიზში დაადგინა, რომ 2025 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დანაკარგები, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით, ერთ მილიონს მიაღწევს.
ამავე ანალიზის მიხედვით, 2022 წლიდან უკრაინის სამხედრო დანაკარგები (დაჭრილები და დაღუპულები) დაახლოებით 400 000-ს შეადგენს, მათ შორის, 60 000-დან 100 000-მდე სამხედროა დაღუპული.
www.radiotavisupleba.ge




