ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასის” წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ომში “8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს”. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.
“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა “ჰამასის” თავდასხმას ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმებითა და სახმელეთო შეტევით უპასუხა. “ჰამასის” მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 21 672 ადამიანი დაიღუპა.