ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო რუსეთში აღძრულია საქმეები სულ მცირე 902 ადამიანის წინააღმდეგ, მათგან 261 პირს თავისუფლება აღკვეთილი აქვს. მოქალაქეები იმყოფებიან საგამოძიებო იზოლატორებში, კოლონიებში ან იძულებით მკურნალობას გადიან, – ვკითხულობთ უფლებადამცველი პროექტის, OVD-Info-ს განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
პროექტის თანახმად, 285 პირს დევნიან ე.წ. ფეიკების მუხლით, 172 მოქალაქეს – რუსეთის არმიის ან ხელისუფლების დისკრედიტაციის შესახებ მუხლით. ეს მუხლები კოდექსში გაჩნდა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე. ე.წ. ფეიკებად რუსეთის სასამართლოები მიიჩნევენ ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიებს. “დისკრედიტაციად” სასამართლოები მიიჩნევენ, მაგალითად, სიტყვა “ომის” გამოყენებას უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. ამის გამო მოქალაქეებს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.
ტერორიზმის გამართლების მუხლით ბრალი 175 ადამიანს აქვს წაყენებული. ამგვარი საქმეების აღძვრის საბაბად, მათ შორის, გამოყენებულია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტები ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის და ყირიმის ხიდის დაზიანების შესახებ, ასევე – მოწოდებები რუსეთში ხელისუფლების შეცვლისკენ ძალადობრივი გზით.
ანტისაომარი პოზიციის გამო საქმეები აღძრული არ არის რუსეთის მხოლოდ ოთხ რეგიონში – ჩეჩნეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, ნენთა ავტონომიურ ოლქსა და ბრიანსკის ოლქში. ანტისაომარი საქმეების უმრავლესობა აღძრულია მოსკოვში (159 ადამიანი), პეტერბურგში (77) და სვერდლოვსკის ოლქში (29).
სულ მცირე 67 ბრალდებული წამებას დაუქვემდებარეს – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ისინი სცემეს, გააუპატიურეს, ელექტროძაბვით აწამეს, პირი აუკრეს. 260 ბრალდებული ამჟამად რუსეთში არ იმყოფება – განაჩენები მათ დაუსწრებლად შეუფარდეს.
ბრალდებულებს შორის არიან 122 აქტივისტი, 46 ჟურნალისტი, 43 პოლიტიკოსი და ხელოვნების სფეროს 37 წარმომადგენელი. იდევნებიან სამხედრო მოსამსახურეები, ბლოგერები და მასწავლებლებიც. დევნილთა უმრავლესობა სტატისტიკურ მონაცემებში “სხვა პროფესიების” კატეგორიაშია მოთავსებული.