უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 185 დრონი.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 113 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში, 71 „უპილოტო-იმიტატორი“ კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დაზარალდნენ დნეპროპეტროვსკის, კიევის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქები.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში დაზიანებულია სახლები, ხოლო ოდესის ოლქში – საპორტო ინფრასტრუქტურაც.
დღეს, 24 თებერვალს, სამი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
დილით კიევში ჩავიდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელები და ბალტიის ქვეყნების, ესპანეთისა და კანადის ლიდერები.
ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე კიევში გაიმართება უკრაინის პარტნიორთა სამიტი, რომელზეც განიხილავენ უკრაინის სტრატეგიას და უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
ფორუმი
