ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე.
მისივე განმარტებით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.
სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.
საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა – სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.
Previous: საქართველოში ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება იყო
