2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ატმოსფეროში 230 მილიონი ტონა CO2 გაიფრქვა – ეს 31%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წლიური ემისიები ჯამურად – ამის შესახებ Euronews-ი GHG Account of War-ის პროექტზე დაყრდნობით წერს, რომელსაც მხარი უკრაინამ დაუჭირა. ქვეყანა, თავის მხრივ, მიზნად ისახავს, კლიმატური ზიანის გამოწვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს.
ჩატარებული კვლევის თანახმად, 2024 წელს უკრაინაში ტყის ხანძრის შემთხვევები გახშირდა, რაც, დიდწილად, ომითაა გამოწვეული. გასული 12 თვის განმავლობაში უკრაინაში ტყის ხანძრით დამწვარი ტერიტორიის ფართობი 92 ჰექტარს აჭარბებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2023 და 2022 წლების საშუალო მაჩვენებელი. შესაბამისად, გაორმაგებულია ხანძრით გამოწვეული ემისიების რაოდენობა და 25.8 მილიონ ტონას აჭარბებს.
ხანძრის კერები ძირითადად ომის წინა ხაზებზე ან სასაზღვრო ხაზებთან ახლოს ჩნდება, მიმდინარე საომარი ოპერაციების გამო კი მეხანძრეები ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას, რის გამოც ტყის დიდი საფარი ნადგურდება.
სამხედრო აქტივობით გამოწვეული ემისიები სტაბილურად მზარდია ბოლო 12 თვის განმავლობაში. ომის დაწყებიდან სამი წლის ემისიების ძირითადი და უდიდესი წყარო სწორედ საომარი ვითარებაა, კერძოდ კი – სამხედრო ტექნიკის, ტანკებისა და თვითმფრინავების მიერ წიაღისეული საწვავის მოხმარება. გაზრდილ ემისიებში წიაღისეული საწვავის კონტრიბუცია 74 მილიონი ტონაა.
კვლევის ავტორები და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ გაზრდილ ემისიებზე პასუხისმგებელი რუსეთია.
“სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია რუსეთის წინააღმდეგ მეოთხე წელს ითვლის. გამოქვეყნებული ანალიზი აჩვენებს, რომ გარემოს დაზიანებამ საზღვრები არ იცის, ეს ომი ამძაფრებს კლიმატურ კრიზისს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რათა რუსეთმა პასუხი აგოს გამოწვეული ზიანისთვის”, – განაცხადა უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, სვეტლანა გრინჩუკმა.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას მხარეებმა არც კლიმატური ხარჯები უნდა დაივიწყონ და გამოწვეული ზარალი რუსეთმა უკრაინას უნდა აუნაზღაუროს. თუ გავითვალისწინებთ გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებას, “ნახშირორჟანგის სოციალური ღირებულება” ერთ ტონა CO2-ზე $185-ია. შესაბამისად, რუსეთის “ვალი” სამწლიანი ომის შემდეგ $42 მილიარდია.
წყარო: bm.ge
