ომბუდსმენმა ნინო დათაშვილთან საუბრის შემდეგ რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მიმართა

27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი მოინახულეს. ამის შესახებ ცნობას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის ცნობით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში და დასძენენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
აქტივისტმა ნინო კალანდიამ რამდენიმე დღის წინ FB/ჯგუფში დაწერა, რომ ნინო დათაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა, თუმცა ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ იყო შესული.
აქტივისტის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და ისინი დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ ლევან იოსელიანის თანაშემწეს გადასცემდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.