ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეაფასა | ძირითადი მიგნებები

სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
2023 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 849 განცხადება შევიდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ 3 017 განცხადება ექცეოდა სახალხო დამცველის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, ხოლო 1 832 განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ომბუდსმენის შეფასებით, 2023 წელს, არაერთი მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ჯერ კიდევ საჭიროებს ძალისხმევას გასაუმჯობესებლად.
ოკუპაცია
ანგარიშის პირველი თემაა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. განსაკუთრებით საგანგაშოდ არის შეფასებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც „გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან საქართველოს ოთხი მოქალაქის — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა ს ფედერაციას ეკისრება“.
„საგულისხმოა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა“, — ნათქვამია ანგარიშში.
გამოწვევად რჩება თითქმის უწყვეტი უკანონო „ბორდერიზაცია“. სახალხო დამცველის შეფასებით, ურთულესია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, საბაზისო სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა.
„სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების დასაცავად“, — მიიჩნევს სახალხო დამცველი.
ს ტრაგედია
სახალხო დამცველის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით სამწუხარო იყო შოვში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა. სახალხო დამცველის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების განხორციელება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.
„გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების შეუსრულებლობის, რისკის/საფრთხის შემცველი სიტუაციების რეგულაციის, პრევენციული და რეაქციული ღონისძიებების გატარების საკითხები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სხვა ქვეყნის საექსპერტო დახმარება“, — ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის თანახმად, შოვში მომხდარმა ტრაგედიამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გააჩინა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ბიულეტენებთან დაკავშირებით, რომლებშიც ასახულია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და მომდევნო წლის პროგნოზები, თუმცა ამ ეტაპზე ეს ბიულეტენები საჯაროდ არ ქვეყნდება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტები სტიქიური გეოლოგიური პროცესების თაობაზე ყოველწლიურად, საჯაროდ ქვეყნდებოდეს ელექტრონულად და დაინტერესებულ პირებს ადვილად მიუწვდებოდეთ მათზე ხელი.
შოვსა და შემდეგ გურიაში განვითარებული გეოლოგიური პროცესების ჭრილში, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება სტიქიების შედეგად დაზარალებული და პრევენციული ღონისძიებების გატარების საჭიროების წინაშე მყოფი ოჯახების რაოდენობაც.
„გეოლოგიური პროცესები მოითხოვს სისტემურ ანალიზს, შეფასებასა და შემდგომ რეაგირებას, ვინაიდან ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარებას არათანმიმდევრული ხასიათი აქვს, რაც არსებული გამოწვევების საპასუხოდ არასაკმარისია“, — აცხადებს ომბუდსმენი.
სიღარიბე
2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც, სახალხო დამცველის ცნობით, დღემდე პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა.
ხანდაზმულთა პროცენტული წილი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ამასთანავე, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.
ხანდაზმულთა უფლებების ჭრილში ომბუდსმენი დადებითად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა, თუმცა დანანებით აღნიშნავს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. სახელმწიფოს ასევე არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
„ქვეყანაში შეუსწავლელია უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები და მისი მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. შესაბამისად, არ არსებობს უსახლკარობის პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი პოლიტიკა, რომელიც კვლევის კონკრეტულ შედეგებზე იქნებოდა დაფუძნებული. გამოწვევად რჩება სოციალური საცხოვრისების მდგომარეობა და იქ არსებული არასათანადო გარემო. ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები“, — ნათქვამია ანგარიშში.
ეთნიკური უმცირესობები
ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები ის უმთავრესი საკითხებია, რომლებიც, სახალხო დამცველის აზრით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს აბრკოლებთ. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სრული სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად, ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სახელმწიფო ენის სწავლება გაძლიერდეს როგორც სკოლამდელი განათლების, ისე ზოგადი განათლების ეტაპზე და გაიზარდოს ბილინგვური განათლების დანერგვის გეოგრაფიული არეალი.
„სამწუხაროდ, სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რიცხვი კვლავ დაბალია“, — ნათქვამია ანგარიშში.
კანონის უზენაესობა და სამოქალაქო უფლებები
სახალხო დამცველის თანახმად, 2023 წელს, რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.
„საერთო ჯამში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა — კიდევ უფრო გართულებული“, — ნათქვამია ანგარიშში.
კონკრეტულად 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის შეფასებით, -არგუმენტაცია არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან 7 მარტს, საღამოს საათებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაკეთების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი მთლიანად შეწყვეტისა და მისი ყველა მონაწილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის და მსგავს შემთხვევებში, რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური.
რაც შეეხება 8 მარტს განვითარებულ მოვლენებს, ანგარიშის თანახმად, საღამოს საათებში იძულების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა გარკვეული ჯგუფის ძალადობრივი ქმედებები პარლამენტის უკანა შესასვლელთან. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ შემთხვევაში, პარლამენტის წინ მყოფი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. სიტუაციის ესკალაციის ძირითად მიზეზად, სახალხო დამცველის შეფასებით, სწორედ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა.
„სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მაშინაც, როცა ამგვარი აუცილებლობა არ იკვეთებოდა. სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედების მიზნით“, — ნათქვამია ანგარიშში.
შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, სახალხო დამცველის შეფასებით, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. ომბუდსმენი კვლავ ითხოვს ახალი კოდექსის შემუშავებას.
„ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიციირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველის აზრით, პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე.
მედია
ომბუდსმენის შეფასებით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ წარსული სამწუხარო გამოცდილებისგან განსხვავებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, კენჭისყრის დღე ადამიანის უფლებების ხელყოფის გარეშე წარიმართება და საარჩევნო პროცესებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

ომბუდსმენის თანახმად, წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
„გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები“, — ნათქვამია ანგარიშში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.
ანგარიშის თანახმად, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.
შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიერ პირობით
ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს დაკავებული პირების ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. ცალკეულ შემთხვევებში კვლავ პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება; გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება.
ფსიქიატრიული დაწესებულებები
სახალხო დამცველის თანახმად, არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რიცხვი და გეოგრაფიული დაფარვის არეალი“, — ნათქვამია ანგარიშში.
თანასწორობა
სახალხო დამცველის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფოს, თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება და პოლიტიკოსებს თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არც ამ საანგარიშო პერიოდში გაუწევიათ ძალისხმევა თანასწორუფლებიანობის დასამკვიდრებლად.
„2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, ამ მასშტაბის ძალადობის და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელია და ხშირად — არასაკმარისიც. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა
კომპლექსური, დროში გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყების და ფართო საზოგადოების ჩართულობით“, — ნათქვამია ანგარიშში.
ბავშვთა უფლებები
რაც შეეხება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, ამ მხრივ, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში მოქმედი პროგრამები, წინა წლების მსგავსად, ვერც 2023 წელს უზრუნველყოფდა სათანადოდ ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას, შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. აქვე,
კვლავ მაღალი იყო მოსწავლეთა სწავლის მიტოვების, სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი.
ანგარიშის თანახმად, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება.

„ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით. სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის,
აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით — დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა შესაბამისი ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში.
რწმენის თავისუფლება
სახალხო დამცველი მიესალმება „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზიის პროცედურის გაწევისას, წერილობითი ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობას ადგენს. თუმცა, ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ უცვლელი ფორმით მოქმედებენ კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციული ნორმები.
გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც.
სასამართლო სისტემა
სახალხო დამცველის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს სისტემაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე, კვლავ შენარჩუნებულია ხარვეზები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით, სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაცემული წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი, კვლავ შეუსრულებელია. მათ შორის, შემდეგი წინადადებებიც: საკანონმდებლო ცვლილების გზით, უზრუნველყოს მტკიცებულებების კანონიერების სასამართლო წესით ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს დანაშაულის პროვოკაციის რისკის საშიშროება; შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის წარმომადგენლის ჩანაცვლებას იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს აქვთ წარმომადგენლის სასამართლოში დაკითხვის ინტერესი“, — ნათქვამია ანგარიშში.
კორუფციული რისკების მხოლოდ თეორიულ დონეზე არსებობაც კი, ომბუდსმენის შეფასებით, აზიანებს მთლიანად მართლმსაჯულების ინტერესს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს ავტორიტეტისთვის არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორი საზოგადოებაში არსებული აღქმებია.
შრომის უფლებები
საპარლამენტო ანგარიშში ასევე განვითარებულია მსჯელობა შრომის უფლებასთან დაკავშირებით. შრომის უფლების რეალიზაციის კუთხით, ომბუდსმენის შეფასებით, ერთ-ერთ პრობლემად რჩება კონსტრუქციული დიალოგის კულტურის დეფიციტი შრომითი ურთიერთობის მხარეებს შორის, რასაც, გასულ წელს, დასაქმებულთა გაფიცვის ბევრი
შემთხვევა მოჰყვა.
პრობლემად რჩება ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი. ასევე, მოქმედი შრომის კანონმდებლობით კერძო დამსაქმებელს დღემდე არ აქვს მშობლისთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.
რეკომენდაციები
სახალხო დამცველის ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამის უწყებებს გაეგზავნა 79 რეკომენდაცია/წინადადება; მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.
სახალხო დამცველი აფასებს წინა წელს მის მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასაც. ომბუდსმენმა 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო
უწყებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში — 281 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა. 281 რეკომენდაციიდან 263 რეკომენდაცია სახელმწიფო ორგანოებს მიემართებოდა. მათგან სრულად შესრულდა 11%, ნაწილობრივ შესრულდა 19.8%, არ შესრულდა 52.5%, უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა 6.5%, ხოლო ობიექტური მიზეზით ვერ შეფასდა 10.3%.
რაც შეეხება 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების მდგომარეობას, პრეზიდენტის მიმართ გაცემული 1 წინადადება სრულად შესრულდა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ გაცემული 63 წინადადებიდან 47 არ შესრულდა, 4 ნაწილობრივ, ხოლო 12 – სრულად შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო