ომბუდსმენი წარადგენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს.
ამის შესახებ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში.
„ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეეფარდა იმისთვის, რომ როგორც ინსტიტუციამ მოვამზადოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რითაც უკვე სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ. ვაპირებთ, ჩვენი აზრი წარვუდგინოთ იმასთან დაკავშირებით, პატიმრობის ალტერნატივის გამოყენება რატომ შეიძლება იყოს გონივრული, ვიდრე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ვთვლი, რომ სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჯერ ქალს ეხება… მერე. ეხება საჯაროდ ცნობილ ჟურნალისტს. იმასაც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელისთვის დარტყმას, თავდასხმას… მაგრამ პატიმრობა არის ყველაზე უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე, რომლის აუცილებლობა თუ არ არსებობს, სასამართლო მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. ამ საქმეში ყველა წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი არაპროპორციულად მძიმე სასჯელს ითვალისწინებს იმ ქმედების მიმართ, რასაც დასჯადად აცხადებს.
„ანალოგიური სასჯელი არის ისეთ მძიმე მუხლებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, პირადი ცხოვრების გასაჯაროება და ა.შ. ესეც ის ნაწილია, სადაც ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გადახედოს თვითონ ამ მუხლის სიმკაცრის ხარისხს“, — თქვა ლევან იოსელიანმა.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.