ომბუდსმენი: პროტესტი მშვიდობიანია, მოვუწოდებ შსს-ს არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და არ არსებობს პოლიციის მხრიდან ჩარევის საფუძველი.
ომბუდსმენის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა და მოუწოდებს -ს, არ შეუშალოს ხელი პროტესტში.
“შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში”- ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”.
დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.
***