სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.
ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.
“საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა.
ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მითუმეტეს როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის.
შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში,” – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
უცხოეთში მცხოვრები დევნილების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვაზეც დგანან და პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტიც აქვთ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
აფხაზეთიდან დევნილმა ლადო სამუშიამ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და არჩევნებზე წასვლასაც გეგმავდა, აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არაა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულია სოხუმის მისამართზე.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის თქმით, საარჩევნო უფლება უნივერსალური არაა და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, კანონით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
მისი თქმით, დევნილი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე ინფორმაციას ცესკოს არ აწვდის დევნილთა სამინისტრო, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება.
მათ გარდა, ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს საკონსულოებში რეგისტრირებული სხვა ემიგრანტების ნაწილიც და ხმის უფლებისთვის იბრძვის. “ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს