ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა,- ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
14 მაისის 17:15 საათისთვის მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.