სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა წინადადებით, რომ ზამთრის განმავლობაში შეიზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
“სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოსახლებებსთან დაკავშირებული პროტესტი 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მაია ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლეს. ადგილზე შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და აქტივისტები, რომლებიც აღსრულების პროცესს აპროტესტებდნენ.
პოლიციამ ჯერ სადარბაზოს, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა, ბინაში გამაგრებული მოქალაქეები კი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. იმ დღეს შსს-ს თანამშრომლებმა 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი სისხლის სამართლის წესით.
24 იანვარს დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. აღსრულების ბიურომ ოჯახს რამდენიმეთვიანი ვადა მისცა, რათა სესხის გადახდა შეძლონ.