ომბუდსმენი – თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე, გავავრცელე მე – არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე

თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველი ვინმეს ინტერესებს თუ დაექვემდებარა, მაშინ ამ ნეიტრალურ ფუნქციას დაკარგავს.
„პოლიტიკური პარტიები ჩემგან ითხოვენ იმას, რომ ვიყო მხოლოდ მათი ინტერესების დამცველი, ვილაპარაკო ის ნარატივი, რაც მათ უნდათ. აქტივისტების რაღაც ჯგუფს უნდა, რომ ისეთი შეფასებები გავაკეთო, როგორიც მათ მიაჩნიათ სწორად, ვიღაცას უნდა, რომ ისეთი განცხადებები არ მქონდეს, როგორიც მაქვს და ა.შ. ყველას აქვს თავისი ინტერესები. სახალხო დამცველი არის ის ადამიანი, რომელიც ამ ინტერესებს თუ დაექვემდებარა, მაშინ ამ ნეიტრალურ ფუნქციას დაკარგავს. ყველა ეს ადამიანი რჩება უკმაყოფილო, მათ შორის, ხელისუფლება.
თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე.
სისტემური შეიძლება იყო არასათანადო მოპყრობა, მაგრამ წამება არის ინდივიდუალური შემთხვევა, რომელმაც ამ ხარისხს რომ მიაღწიოს, ამას სჭირდება კონკრეტული საქმის გამოძიება, ამიტომ არის, რომ ამის თქმა ასე ხელაღებით შეუძლებელია, მაგრამ სისტემურად ადამიანებს რომ არასათანადოდ ეპყრობოდნენ, ეს ყველამ დავინახეთ.
არასათანადო მოპყრობა თავის თავში მოიცავს როგორც სავარაუდო წამებას, ისე დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას – ეს ყველაფერი არის სხვადასხვა მუხლი.
შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი ამ 260 ადამიანის მიმართ, მაგრამ ვის მიმართ იყო დამამცირებელი მოპყრობა, ვის მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ვის მიმართ იყო წამების მუქარა – ეს ის საკითხებია, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მე რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ კი, ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს შეეხო, მაგრამ კონკრეტულად რომელი დანაშაული ვის მიმართ განხორციელდა, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ.
ამ ადამიანებს, ვინც ნაცემები არიან, ვინც დაზიანებები მიიღეს, რომლებიც თავად მოვინახულე, უბრალოდ ეუბნებიან ტყუილს, რომ თითქოს მე მათ წინააღმდეგ ვარ, როცა მე მათ მხარეს ვარ”, – განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენმა დღევანდელი განცხადებებიც შეაფასა, რომელიც მის მიმართ კრიტიკულ განწყობას ატარებდა, მათ შორის ნიკას მელიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ “ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა”. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მისთვის არაფერს ნიშნავს.
„ვინმეს კი არ ვედრები, მაგრამ ამოიღეთ 20 ივნისის შემდგომი განცხადებები, შეადარეთ სიმწვავე ახლანდელი განცხადებების. ან მანამდეც, როცა იყო გამოსვლები და დაკავებები. ვიღაც პასუხისმგებლობიანმა ჟურნალისტმა ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეადაროს და წამიყენოს პრეტენზია, რომ ასე არ არის.
ჩემი არჩევის პირველივე დღიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რასაც ამბობდნენ, იმავეს ამბობენ ახლაც, არ შეუცვლიათ მათ რიტორიკა, მათი ლექსიკა შემოიფარგლება მარტო სამი სიტყვით – „რუსი“, „მონა“, „ქოცი“. არაფერი შეცვლილა. მაშინაც იმავეს იძახდა ც და სხვებიც, ვინც პარლამენტში იყვნენ, როდესაც მე მირჩევდნენ. არ მიკვირს მისი განცხადებები.
ისიც მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად, პარტნიორად. ხვალ ნიკა მელიას პოლიტიკური ინტერესი თუ იქნება, ეს ყველაფერი გვერდით გადაიდება და ვიქნები საუკეთესო სახალხო დამცველი. ამიტომ, ამას ყურადღებას ნუ აქცევთ, მათი განცხადებები ჩემთვის ამ თვალსაზრისით არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა იოსელიანმა.