სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აპარატის ინფორმაციით, მათი რწმუნებული 2 აგვისტოს კვლავ ეწვია N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ნინო დათაშვილს. განცხადების მიხედვით, შეხვედრისას დათაშვილმა ისაუბრა როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე პატიმრობის პირობებზე, რაც აპარატის შეფასებით, პირდაპირ მოქმედებს ბრალდებულის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ დათაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს აგრძელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე გამოთხოვილია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია, თუმცა პერსონალური მონაცემების გამო ის საჯაროდ არ გასაჯაროვდება.
ადრე, 27 ივნისსა და 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დათაშვილი უკვე მოინახულეს და ამის საფუძველზე მიმართეს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს.
ნინო დათაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დათაშვილი ექსპერტიზაზე უარს იტყვის, გამოყენებული იქნება იძულების ზომები.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, სადაც დათაშვილი მეგობრის სანახავად მივიდა და მანდატურის შეზღუდვის შემდეგ ფანჯარასთან პროტესტის ნიშნად რაფაზე ჩამოჯდა. შემდეგ დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე დათაშვილის წინააღმდეგ 11 ივნისს დაიწყო. წარდგენილი ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.