ომბუდსმენი – დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის